English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ალფრედ კურატაშვილი
სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პრობლემები და მათი გადაჭრის პრინციპულად ახალი თეორიული საფუძვლები

ვრცელი რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ავტორის მიერ შექმნილი პრინციპულად ახალი თეორიული საფუძვლები, და, შესაბამისად, განხილულია ყოველი ადამიანის ინტერესებისათვის ეკონომიკის, საზოგადოების, სახელმწიფოს და კაცობრიობის პროგრესული განვითარების თეორიული საფუძვლები.

კერძოდ, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პრინციპულად ახალი თეორიული საფუძვლები, და, შესაბამისად, როგორც ყოველი ადამიანის ინტერესებისათვის ეკონომიკის, საზოგადოების, სახელმწიფოს და კაცობრიობის პროგრესული განვითარების თეორიული საფუძვლები, განხილულია: სოციალური მიზნის ფილოსოფია, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია.

სოციალური მიზნის ფილოსოფიასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმაჩნია აღინიშნოს, რომ როგორც ალტერნატივას “ფილოსოფიური” მიდგომისა, რომელსაც ავტორი საშუალებათა ფილოსოფიას უწოდებს, ის გვთავაზობს მის მიერ ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში შექმნილ პრინციპულად ახალ მეცნიერულ მიმართულებებს – მიზნის ფილოსოფიას, როგორც საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი სისტემების განსხვავების და ამ სისტემების კლასიფიკაციის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძველს, და სოციალური მიზნის ფილოსოფიას, რომელიც ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფორმირებისა და ფუნქციონირების ამოსავალ მეცნიერულ საფუძველს წარმოადგენს, და რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს კაცობრიობის განვითარების ორიენტაციას და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს.

ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმაჩნია აღინიშნოს, რომ სამეცნიერო ნაშრომში მოცემულია საზოგადოებაში და სახელმწიფოში კანონის უზენაესობის პრობლემაზე თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში ტრადიციული და დამკვიდრებული შეხედულებების კრიტიკული ანალიზი და შემოთავაზებულია ავტორის მიერ ადრე შექმნილი ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია – ხალხის ინტერესების დიქტატურის თეორია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება კანონის უზენაესობის პრინციპისაგან, რამეთუ ეს თეორია კანონებს და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს იხილავს მხოლოდ როგორც საშუალებებს, რომლებიც სოციალურ მიზანს – ხალხის ინტერესების რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს.

მაშასადამე, როგორც მეცნიერულ კვლევაში, ისე საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვაში, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიიდან გამომდინარე, აუცილებელია ვხელმძღვანელობდეთ არა კანონის უზენაესობით, არამედ ადამიანის ინტერესების _ ხალხის ინტერესების უზენაესობით, რაც წარმოადგენს პრინციპულად ახალ მეცნიერულ მიმართულებას, რომელიც გამომდინარეობს ავტორის მიერ შექმნილი მიზნის ფილოსოფიიდან, სოციალური მიზნის ფილოსოფიიდან (და არა ფილოსოფიიდან, რომელსაც ავტორი საშუალებათა ფილოსოფიას უწოდებს), და აგრეთვე რომელიც გამომდინარეობს მის მიერ შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კანონების თეორიიდან, სოციალურ-ეკონომიკური მართვის თეორიიდან და ა. შ.

რაც შეეხება თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორიას, აუცილებლად მიმაჩნია აღინიშნოს, რომ სამეცნიერო ნაშრომში განხილულია ავტორის მიერ ადრე შექმნილი და გამოქვეყნებული თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების პოლიტიკურ-სამართლებრივი თეორია – როგორც პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულება და როგორც ადამიანის ინტერესების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის აუცილებელი ინტელექტუალური საფუძველი.

უფრო მეტიც, დასაბუთებულია ამ თეორიის გამოყენების აუცილებლობა და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. კერძოდ, ავტორის მიერ დასაბუთებულია მისი მნიშვნელობა არა მარტო საზოგადოებისა და სახელმწიფოს შიდა პრობლემების გადასაჭრელად, არამედ მთელი მსოფლიოს ხალხების ნორმალური ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის, ტერორიზმის, შიდასახელმწიფოებრივი და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების და ა.შ. ლიკვიდაციისათვის.

ნაშრომში შემოთავაზებულია სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტოს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის ავტორის მიერ შექმნილი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც (პასუხისმგებლობა) დაბალანსებული უნდა იყოს მათ უფლებებთან, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ინტერესების დაცვა და საზოგადოების, სახელმწიფოსა და მთლიანად კაცობრიობის ეფექტიანი ფუნქციონირება.